ირაკლი ღარიბაშვილი, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, ავსტრიის კანცლერს, სებასტიან კურცს შეხვდა.
საუბარი შეეხო ევროპული ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელება საქართველოს მთავრობისთვის პრიორიტეტულია.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს მნიშვნელოვან როლზე ავღანეთიდან ევაკუაციის ძალისხმევაში. პრემიერმა აღნიშნა, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტი გახდა სატრანზიტო ჰაბი ავღანეთიდან კოალიციური ძალების გაყვანის პროცესში და 250-ზე მეტი ფრენა მიიღო, ამასთან, საქართველომ უზრუნველყო რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანამშრომლების დროებითი რელოკაცია.
ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავებისთვის, მათ შორის ეკონომიკის, ტურიზმის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, განათლებისა და კულტურის, რეგიონული თანამშრომლობისა და სხვა არაერთი მიმართულებით.
ორმხრივი შეხვედრის დასრულების შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა ავსტრიის კანცლერის მიერ ავღანეთის თემაზე ორგანიზებულ მაღალი დონის დიალოგში მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე, რომელიც სამუშაო ლანჩის ფორმატში გაიმართა, განიხილეს ავღანელი ხალხის, განსაკუთრებით ქალებისა და გოგონების უფლებების დაცვა, როგორც ავღანეთში, ასევე რეგიონში. მაღალი დონის დიალოგში ავსტრიის, დანიის, ჩეხეთის, ფინეთის, ნორვეგიის, საბერძნეთის, ტაჯიკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ყაზახეთის ვიცე-პრემიერმა და საგარეო ურთიერთობათა საკითხებში კატარის სახელმწიფო მინისტრმა მიიღეს მონაწილეობა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ ავღანეთის მუდმივი წარმომადგენელი გაეროში, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს, გაეროს განვითარების პროგრამის, გაეროს ქალთა ორგანიზაციის, გაეროს ბავშვთა ფონდის, ევროკომისიისა და წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლები.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here