ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს გენერალურ მდივანს ანტონიო გუტიერეშს შეხვდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განსაკუთრებით გაუსვა ხაზი გაეროსა და გენერალური მდივნის პერსონალურ მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს გაეროს ჩართულობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში.
ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გაეროს გენერალური მდივნის ანგარიში იძულებით გადაადგილებულ პირთა შესახებ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციები უმნიშვნელოვანესი მექანიზმებია, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება საერთაშორისო დღის წესრიგში მაღალ დონეზე შენარჩუნდეს.
ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე. ხაზი გაესვა გაეროს როლს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აღინიშნა ამ ფორმატში კონკრეტული, ხელშესახები შედეგების მიღწევის აუცილებლობა.
ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია, რაც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას და საოკუპაციო ხაზით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას ისახავს მიზნად.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here