საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება.
პრემიერმა შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, გრიგოლ ლილუაშვილს, ასევე ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული, მადლობა გადაუხადა.
„საქართველოს მესამე პრეზიდენტი, ძებნილი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია და იგი გადაყვანილია პენიტენციურ დაწესებულებაში. ჩვენმა სამართალდამცველებმა უმაღლეს დონეზე ჩაატარეს ძებნილი მიხეილ სააკაშვილის დაკავების ღონისძიება. ჩვენს სამართალდამცავ უწყებებს წინასწარ ჰქონდათ ინფორმაცია მისი გადაადგილების შესახებ, დაწყებული უკრაინიდან, საქართველოს მიმართულებით და ეს პროცესი იყო სრული კონტროლის ქვეშ. მიმდინარეობდა შესაბამისი ღონისძიებები, უწყებები კოორდინირებულად მუშაობდნენ და შეირჩა ისეთი დრო და ადგილი, რომ დაკავებისთვის მინიმალური ხელისშემშლელი ფაქტორები ყოფილიყო. მე მინდა მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა მინისტრს ბატონ ვახტანგ გომელაურს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, ბატონ გრიგოლ ლილუაშვილს და ყველა იმ თანამშრომელს, რომელიც ამ მართლაც უპრეცედენტო ღონისძიებაში იყო ჩართული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი, სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს ხელისუფლება ისე მოექცევა, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს.

„მინდა, ჩვენს მოსახლეობას შევახსენო, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის განცხადება, რომელიც მან 2012 წლის ოქტომბერში, გამარჯვების შემდეგ გააკეთა, ზუსტად ეხმაურება დღევანდელ ოპერაციას და სწორედ ჩვენს მიერ ჩატარებულ უმაღლეს სტანდარტს. შეგახსენებთ, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის სიტყვები იყო შემდეგი – ჩვენ, ჩვენს ოპონენტებს მოვექცევით არა ისე, როგორც იმსახურებენ, არამედ, როგორც იმსახურებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქართველი ხალხი, ჩვენი საქართველოს მოსახლეობა და ჩვენი კულტურა. ჩვენ კარგად გვესმის, რომ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი არის დამნაშავე, კრიმინალი.

სამწუხაროდ, იგი სამარცხვინოდ მოიქცა არაერთგზის, მაგრამ თუნდაც ამ სამარცხვინო კაცს მოვექეცით ისე, როგორც ჩვენი ხალხი და ჩვენი კულტურა იმსახურებს.

მინდა შეგახსენოთ, რომ დღეს არის 1-ლი ოქტომბერი და ბიძინაობა. მე დღეს არ მქონია შესაძლებლობა, რომ ჩვენი პარტიის დამფუძნებლისთვის მიმელოცა დღევანდელი დღე და ისტორიული გამარჯვება, 1-ლი ოქტომბერი. 9 წელი გავიდა ისტორიული გამარჯვებიდან, რომელიც ჩვენმა დამფუძნებელმა ჩვენს ქართველ ხალხთან ერთად მოიპოვა. ვულოცავ ბატონ ბიძინა ივანიშვილს დღევანდელ დღეს, 1-ელ ოქტომბერს და ჩვენს ქართველ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას და ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here