შეხვედრაზე ჩვენ ვრცელი საუბარი გვქონდა, ასევე საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ გაკეთებულ განაცხადზე, რაც მართლაც ისტორიული ნაბიჯია და ეს არის ქართველი ხალხის არჩევანი, ეს არ არის მხოლოდ ჩვენი, მთავრობის გადაწყვეტილება. ეს არის ჩვენი მოსახლეობის გადაწყვეტილება, ჩვენი ხალხის არჩევანი. რა თქმა უნდა, პოლონეთისგან, როგორც ჩვენი ევროინტეგრაციის ერთგული მხარდამჭერისგან, მე მჯერა და მოვისმინე პრემიერ-მინისტრისგან, რომ საქართველოს ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა პოლონეთისგან ამ გზაზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლონეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ მათეუშ მორავიეცკისთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეს გრძელი გზაა, მაგრამ საქართველო არის აბსოლუტურად მოტივირებული და ზედმიწევნით ასრულებს ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში.

„კარგად გვესმის, რომ ეს არის გრძელი გზა, გვჭირდება რეფორმების განხორციელება, მომზადება ქვეყნის, ეკონომიკის განვითარება, ბევრი პრობლემის დაძლევა რათა ქვეყანა გახდეს ევროკავშირის წევრი ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ლიდერებისგან, რომ დაჩქარებულად რომელიმე ქვეყნის მიღება ევროკავშირში არ იგეგმება და ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ ვართ აბსოლუტურად მოტივირებულნი, რომ ის შეთანხმება, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, ასოცირების შეთანხმებას ვგულისხმობ, სხვათა შორის, მე მოვაწერე ხელი ამ შეთანხმებას 2014 წელს, ზედმიწევნით ვასრულებთ ყველა იმ ვალდებულებას, რომელიც გაწერილია ასოცირების შეთანხმებაში. მას შემდეგ, ჩვენ გვქონდა კონკრეტული, ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე, როგორებიცაა – თავისუფალი ვაჭრობა და უვიზო რეჟიმი, რომლითაც ჩვენი მოქალაქეები სარგებლობენ. ამიტომ ამ პროცესში კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო პოლონეთს, როგორც ჩვენს ერთგულ მეგობარს და საქართველოს ევროინტეგრაციის გულმხურვალე მხარდამჭერს. ასევე, განვიხილეთ სექტორული თანამშრომლობა. აღვნიშნეთ, რომ არსებობს დიდი პოტენციალი, რომ კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ტურიზმი და სხვა სექტორული მიმართულებები. უფრო გავააქტიუროთ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განმტკიცების მიზნით და არსებული პოტენციალის მაქსიმალურად გამოსაყენებლად ძალისხმევა არ უნდა დავაკლოთ. კიდევ ერთხელ მინდა, ჩემს ძვირფას კოლეგას, პოლონეთის პრემიერ-მინისტრს მივესალმო და მადლობა გადავუხადო მას და მის დელეგაციას საქართველოში პირველად ჩამობრძანებისთვის, მადლობა მას ამ ვიზიტისთვის,“- აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here