ინტერეპელაციის წესით პარლამენტში მისულმა პრემიერ-მინისტრმა კითხვებზე პასუხის გაცემა უკრაინისადმი სოლიდარობის გამოცხადებით დაიწყო. ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსული აგრესია და ის ნაბიჯები ჩამოთვალა, რაც საქართველომ ომში მყოფი ქვყნის დასახმარებლად გადადგა.

“პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია, რა თქმა უნდა წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრინციპების და ასევე, გაეროს ქარტიის უხეშ დარღვევას, რაც აქამდე არნახულ გამოწვევას უქმნის ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

ამ ვითარებაში, ომის დაწყების პირველივე დღიდან, საქართველო გამოხატავს სრულ სოლიდარობას უკრაინისადმი და უკრაინელი ხალხისადმი, რასაც ადასტურებს შესაბამისი პოლიტიკური და დიპლომატიური ნაბიჯები ორმხრივ თუ მრავალმხრივ ფორმატებში. სხვაგვარად, რა თქმა უნდა შეუძლებელია, რადგან უკრაინასთან ჩვენ გვაქვს ისტორიული მეგობრობა, ჩვენ ქვეყნებს აქვთ საერთო ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები.

ჩვენი ხელისუფლების უმაღლესმა წარმომადგენლებმა მრავალ საჯარო განცხადებაში ხაზგასმით დავგმეთ სუვერენული უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული სამხედრო აგრესია.

საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ რეზოლუცია მიიღო, დაგმო სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული ყოველგვარი განზრახვა.

6 აპრილს, კიდევ ერთხელ შევახსენებ ჩვენს ოპოზიციას, რომ საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, პარლამენტის თავმჯდომარის, ბატონი შალვა პაპუაშვილის  ხელმძღვანელობით, უკრაინაში ჩავიდა და უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან ერთად, ომით დაზარალებული ქალაქები, ბუჩა და ირპენი მოინახულა. საერთაშორისო ორგანიზაციებში ჩვენი ქვეყნის დიპლომატიური წარმომადგენლობები, განსაკუთრებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე მუდმივად გამოხატავენ უკრაინის მხარდაჭერას. საქართველო გაეროს 96 ქვეყანას შორის იყო, ვინც თანასპონსორობა გაუწია “აგრესია უკრაინის წინააღმდეგ რეზოლუციას”.

საქართველო იყო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის ჰუმანიტარული შედეგების შესახებ გაეროს გენერალური ასამბლების რეზოლუციის ერთ-ერთი მთავარი თანასპონსორი. რეზოლუციას თანასპონსორობა გაუწია 90-მა სახელმწიფომ და მხარი დაუჭირა 140-მა ქვეყანამ. საქართველოს მხარი დაუჭირა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ამოქმედებას. ასევე საქართველო გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს იმ რეზოლუციის თანასპონსორია, რომელიც უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო აგრესიისთვის პასუხისმგებლობას აკისრებს. ასევე შეგახსენებთ, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 25 თებერვლის გადაწყვეტილებას, ანუ ომის დაწყებიდან მეორე დღეს, რუსეთი ფედერაციისთვის მინისტრთა კომიტეტსა და საპარლამენტო ასამბლეაში წარმომადგენლობითი უფლებების შეჩერების შესახებ. ასევე ჩვენმა ხელისუფლებამ მხარი დაუჭირა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 16 მარტის გადაწყვეტილებას, ევროპის საბჭოდან რუსეთის ფედერაციის დაუყოვნებლივ გარიცხვის შესახებ.

ჩვენი ქვეყანა იმ ქვეყნებს შორისაა, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების მოთხოვნით მიმართეს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორს. ასევე ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც მთავარი თანასპონსორობა გაუწია გაეროს გენერალური ანსამბლების რეზოლუციის პროექტს, რუსეთის ფედერაციისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს ევროპის უფლების შეჩერების შესახებ. საერთო ჯამში მე მინდა გითხრათ, რომ თებერვლიდან მოყოლებული საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინისადმი ჩვენი მხარდამჭერი განცხადებების, დეკლარაციებისა და გადაწყვეტილებების რაოდენობა 235-ს აღწევს. ომის დაწყებიდან ჩვენი მთავრობა მნიშვნელოვან ჰუმანიტარულ დახმარებას უწევს უკრაინას და ამ მხრივ ნამდვილად გამოვირჩევით მსოფლიოს ქვეყნებს შორის. ჩვენმა მთავრობა უკრაინელი ხალხის, მათ შორის ჩამოსული უკრაინელების დასახმარებლად უკვე გაიღო 7 მილიონი დოლარი, მათ შორის საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი იქნა 1 მილიონი ლარი.

ქვეყანა აგრძელებს ომის შედეგად დაზარალებული და ამჟამად საქართველოში მცხოვრები 28 000-მდე უკრაინელების დახმარებას. ჩვენი ქვეყნის ოფიციალური პოზიცია რუსეთის წინააღმდეგ შემზღუდავ ზომებთან დაკავშირებით სრულ შესაბამისობაში არის საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციასთან. 2014 წლიდან საქართველო უერთდება ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს ყირიმის და სევასტოპოლის წინააღმდეგ. ასევე წელს 28 თებერვალს, ჩვენი ქვეყანა მიუერთდა ევროკავშირის შემზღუდავ ზომებს დონეცკსა და ლუგანსკზე და სანქციებთან მიმართებით საქართველოს მსგავსი პოზიცია აქვს არაერთ ქვეყანას.

სანქციებთან მიმართება ში მნე არაერთხელ განვაცხადე, რომ ჩვენი მთავრობის პოზიცია არის ნაკარნახევი, რა თქმა უნდა, ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს მოქალაქეების დაცვა პირველ რიგში და ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დაცვა. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, გვაქვს მუდმივ რეჟიმში ინფორმაციის გაცვლა. მინდა კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ ჩვენი ქვეყანა არ დაუშავებს არც ერთიო ქვეყნის და არც ერთი სანქცირებული კომპანიის და ინდივიდის უკანონო საქმიანობას საქართველოში. საქართველოს ეროვნული ბანკი და საქართველოს ფინანსური ინსტიტუტები მოქმედებები აშშ-ს, ევროკავშირის და ბრიტანეთის ფინანსურ პოლიტიკასთან სრულ შესაბამისობაშია,” – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here