ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას, თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებას, უვიზო მიმოსვლის რეჟიმს და წევრობაზე განაცხადიც გაკეთებულია. ახლა ევროპის ჯერია. ახლა მან უნდა გადაწყვიტოს. , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ცხადად უნდა განვასხვავოთ ის, რომ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ. მაგრამ დღეს ლაპარაკია კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე. ეს კი გახლავთ გზავნილი ყველასთვის, ჩვენი ქვეყნებისთვის, ასევე რუსეთისთვის. ასე რომ, ჩვენი მხრიდან ჩვენ განვახორციელეთ ყველა ეს რეფორმა, გავაძლიერეთ დემოკრატიული ინსტიტუტები. ჩვენ ვდგავართ რეფორმატორების მოწინავე რიგებში, არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ფართო რეგიონშიც: გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების, მედიის თავისუფლების, კანონის უზენაესობის, სასამართლო სისტემის რეფორმის მხრივ. მაგალითად, მსოფლიო ბანკის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული რეიტინგის თანახმად, საქართველო პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით, ასევე, „ბიზნესის კეთების” კატეგორიაში და ბევრი სხვა მიმართულებით საქართველო საუკეთესოა. ასე რომ, ჩემი კითხვაა: რატომ არა? კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას. ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება. ამავე დროს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ეს არის სამუშაო პროცესი, ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს და, ამავე დროს, ვიქნებით უფრო მოტივირებულნი, შემართულნი. რა თქმა უნდა, იქნება ევროკავშირის მონიტორინგის მისია. ეს არ არის ერთ დღეში მიღებული გადაწყვეტილება. ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელსაც მივყავართ სრულფასოვანი წევრობისკენ. შესაბამისად, ევროკავშირისგან ჩვენ მოველით ბრძნულ გადაწყვეტილებას, რადგან, – მოდით, გულახდილად ვთქვათ, – როცა რუსეთი 2008 წელს შემოიჭრა საქართველოში, მსოფლიოში ასე იფიქრეს: „იქნებ დღეს კონტექსტი სხვაგვარია და ასე შემდეგ”. ნება მომეცით, შეგახსენოთ, რომ 2008 წლის შემდეგ დედამიწაზე არავის დაუწესებია სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. არავის! პირიქით, ჩვენ გავხდით რუსეთთან ურთიერთობებში ყველა სახის „გადახალისების”, „ახლიდან დაწყების” და ა. შ. მოწმენი. 2014 წელს მთელი მსოფლიო იყო შოკირებული, როცა რუსეთმა მოახდინა ყირიმის ანექსია. ასევე, სულ ახლახან მთელი მსოფლიო გაოგნებული და შოკირებული იყო, როცა რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. ასე რომ, დასავლეთის პასუხი უნდა იყოს ადეკვატური, სათანადო, პროპორციული. თუკი ევროკავშირი, ჩვენს რთულ დღევანდელ დროში, დატოვებს ჩემს ქვეყანას და სხვა მსგავს ქვეყნებს: ასოცირებულ ტრიოს – საქართველო, უკრაინა, მოლდოვა,კანდიდატის სიმბოლური სტატუსის გარეშე, დაყოვნების გარეშე ვიტყვი, რომ ეს არის შეცდომა, რადგან ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერი გავაკეთეთ. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს და მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი რეფორმების გაგრძელება. – განაცხადა პრემიერმა.