საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, წარმატებით დაასრულეს მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან. მისივე თქმით, სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის თანამფლობელი.

როგორც პრემიერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე აღნიშნა, მოხსნილი იქნება ყველა პრობლემა, რომელიც კომპანია „ბორჯომს“ ჰქონდა შექმნილი თანამშრომლების მართვაში, ოპერირებაში.

„მოგეხსენებათ, რამდენიმე კვირის წინ საზოგადოებას ვუთხარი, შევპირდი, რომ სასიამოვნო ინფორმაციას გავაცნობდი რამდენიმე კვირაში. მინდა, გაცნობოთ, რომ დღეს წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები „ბორჯომის“ აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონე და ეს არის უსასყიდლო გარიგება. ჩვენ უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები და ამის შემდეგ, ჩვენი სახელმწიფო გახდება „ბორჯომის“ ქარხნის, ჩვენი ეროვნული სიმდიდრის, სიამაყის თანამფლობელი. ყველა პრობლემა, რომელიც „ბორჯომს“ ჰქონდა შექმნილი და მისი თანამშრომლებს მართვაში, ოპერირებაში, ფუნქციონირებაში, ყველა იქნება მოხსნილი. ჩვენ აღნიშნული საკითხი შევათანხმეთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით.

მინდა, მადლობა გადავუხადო ეკონომიკის და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც ძალიან აქტიურად იმუშავეს ამ გარიგების წარმატებით დასასრულებლად. ასე რომ, ვულოცავ „ბორჯომის“ თითოეულ თანამშრომელს. ვიცი, იქ ათეული თანამშრომელი მიიჩნევს, რომ უსამართლოდ მოექცა ადგილობრივი კომპანია. 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა. ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ, რომ ზურაბ აზარაშვილს დავავალე და ზურა აქტიურად არის ჩართული. მას შემდეგ, რაც სახელმწიფო გახდება თანამფლობელი ამ ჩვენი საწარმოსი, რა თქმა უნდა, უფრო აქტიურად მოგვიწევს, ჩავერთვებით და ყველა პრობლემას მოვაგვარებთ. მინდა, ყველა ჩვენს თანამოქალაქეს მივმართო, რომ არც ერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება, არც ერთი თანამშრომელი ჩვენი „ბორჯომის“, ამ ჩვენი ეროვნული სიმდიდრის. ვიცი, რომ გარკვეული კითხვა არსებობდა, ყველა კითხვას უნდა გაეცეს პასუხი. ბატონო ზურაბ და ბატონო ლევან, თქვენც მოგიწევთ ჩართულობა ამ პროცესში და სჯობს, ეს საკითხი ბოლომდე მიიყვანოთ, რაც შეიძლება მალე, რათა ხალხს არ ჰქონდეს განცდა, რომ უსამართლოდ იჩაგრება ვინმე და ყველა მათი სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს. არ უნდა იყოს ხმაური და არავის ჰქონდეს განცდა, რომ ვინმე იჩაგრება“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here