როდესაც ამბობენ, უკრაინა ომშია და ამის გამო უნდა მიენიჭოს სტატუსი, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არ ითხოვს არაფერს განსაკუთრებულს და დაუმსახურებელს და აღნიშნა, რომ ამის შესახებ მან ქვეყნის ფარგლებს გამართულ შეხვედრებზეც ისაუბრა.

„არც ერთი ქვეყანა არ არის იდეალური, მათ შორის არც ერთი ევროპული სახელმწიფო არ არის იდეალური. ასე რომ, ის პროგრესი, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ, არის როგორც შავი და თეთრი, ასეთი მკვეთრი განსხვავება არის, რაც ჩავიბარეთ და რა შედეგი დავდეთ ამ ცხრა წლის განმავლობაში. ვალდებულად მიმაჩნია, ჩვენს მოქალაქეებს ეს ყველაფერი ანგარიშის სახით ჩავაბარო და შევახსენო, მას შემდეგ, რაც სრული ფიასკო განიცადეს, ამ მეხუთე კოლონამ და ქვეყნის მტრებმა, მიზნად დაისახეს, რომ სტატუსთან დაკავშირებით, ჯერ დაველოდოთ, რა გადაწყვეტილება იქნება. ვინმეს თუ ეკუთვნის, ეკუთვნის საქართველოს და შემდეგ ეკუთვნის უკრაინასა და მოლდოვას. რომ იძახიან, უკრაინა ომშია და ამის გამო მას უნდა მიენიჭოს, უკაცრავად, თუ ომით განისაზღვრება სტატუსის მინიჭება, ჩვენ ომი არ გვინდა, მეგობრებო, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, რომელიც ქართველმა ხალხმა დაიმსახურა თავისი 30-წლიანი ბრძოლით, დემოკრატიის მშენებლობის გზაზე და ბოლო ცხრა წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმების გზაზე. ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ. ეს ვთქვი მე საჯაროდ დავოსშიც, ბრატისლავაში, ბრიუსელში, ყველგან, რომ ჩვენ არაფერს ვითხოვთ განსაკუთრებულს და დაუმსახურებელს, ჩვენ ვითხოვთ დამსახურებულ სტატუსს, თუ რა თქმა უნდა, გავიმეორებ იმავეს, რაც ვთქვი რამდენიმე დღის წინ, თუ ეს გადაწყვეტილება არ იქნება სამართლიანი, ჩვენ მოსახლეობას, ჩვენს ხალხს ყველაფერს ავუხსნით დეტალურად, რა იყო და რა იყო მთავარი გამომწვევი მიზეზები, რის გამოც, თუნდაც ის სამარცხვინო რეზოლუცია იქნა მიღებული“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here