ჩვენ, მთავრობა, კანონით მონიჭებული უფლებით და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობას და ქვეყნის სტაბილურობას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის განცხადებით, დესტრუქციულ ძალებს სურთ, 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის ინტეგრაციისა და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით და აღნიშნა, რომ ეს ის ძალაა, რომელსაც არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით.

„მოგეხსენებათ, მას შემდეგ, დაწყებული კონტრაბანდული საქონელის შემოგზავნით, აქ რევოლუციის მოწყობა რომ უნდოდათ, არ გამოუვიდათ და აღმოჩნდა ციხეში, შემდეგ გახსოვთ, ჩამოიყვანეს ერთ-ერთი ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი ბატონო აკერმანი. ღიად ჩამოვიდა, რომ მოემზადებინა ეს ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რათა მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა შემდეგ, ეგ ცალკე თემაა. მოკვდა ის კაცი, პატრონი მოუკვდათ ამ დესტრუქციულ ძალებს, მაგრამ მთავარია, რომ ახლა, ამ ყოველგვარი ჩავარდნის შემდეგ, როცა ვერც ომში ჩააბეს ქვეყანა, ვერც ვერაფერი გააკეთეს, უნდათ, 20 ივნისს გამართონ აქცია, თითქოს ევროკავშირის რაღაც ინტეგრაციისა და სტატუსის მინიჭების მოთხოვნით. ყველას შევახსენებ, ვინ ითხოვს ამ აქციას, ვინ ატარებს, შემთხვევით ის ძალა ხომ არა, რომელიც აქ ადამიანებს კლავდა, აუპატიურებდა, აწამებდა და ქვეყნის ტერიტორიებს მოღალატეობრივად ურიგებდა ოკუპანტ ქვეყანას და ომის შემდეგ, რომელმაც ჩააბარა ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსეთს, ცალმხრივად გაუქმდა შემდეგ უვიზო რეჟიმი და პირადად ეს ბოროტი მასხარა ხვდებოდა საზღვარზე რუსეთის მოქალაქეებს. აი, ეს ძალა ითხოვს თურმე ევროკავშირთან სტატუსის მინიჭებას, რომელსაც არაფერი გაუკეთებია საერთოდ, არაფერი გაუკეთებია დემოკრატიული რეფორმების გატარების თვალსაზრისით. მხოლოდ ჩვენ გავაკეთეთ ასოცირების შეთანხმება, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა აპლიკაცია, რომელიც ჩვენ შევიტანეთ. ასე რომ, მინდა, ყველა გავაფრთხილო, ვინმეს ილუზია არ ჰქონდეს, ვინმე არ წამოეგოს ამ პროვოკაციას. ჩვენ არც ერთ უკანონო ქმედებას არავის არ ვაპატიებთ. ჩვენ, მთავრობა კანონით მონიჭებული უფლებითა და ძალით დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების მშვიდობასა და ქვეყნის სტაბილურობას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here