მინდა, „ევროპის სახალხო პარტიას“ შევახსენო, 2012 წლამდე მათი შვილობილი პარტიის მმართველობის დროს, ქვეყანაში არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა, არ არსებობდა თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დღესაც იმ უპასუხისმგებლო პოლიტიკას აგრძელებს, რომელიც 2012 წლამდე ჰქონდა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს თუ გული შესტკივათ ქვეყნის ბედზე, უნდა მოეწოდებინათ „ევროპის სახალხო პარტიისთვის“, ის რეზოლუცია არ მიეღოთ, რომელიც საქართველოსთან მიმართებაში მიიღეს.

„ჩვენს მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რამდენიმე დღის წინ მიიღეს რეზოლუცია ევროპარლამენტში, ამ რეზოლუციის მთავარი ინიციატორი იყო „ევროპის სახალხო პარტია“. ვინ არის ეს პარტია? ამ პარტიის შვილობილი პარტია და მათი მთავარი მოკავშირე არის ისევ და ისევ „ნაციონალური მოძრაობა“. მე პარლამენტში ღიად ვთქვი და დავდე ბრალი, რამდენიმე გვარიც ვახსენე, ვთქვი, რომ ეს უპასუხისმგებლო, მავნებელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დადიან ევროპაში და ათას სისულელეს ავრცელებენ ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ. აქ საუბარი არ არის მთავრობაზე, საუბარია სახელმწიფოზე. ჩვენ ვიხილეთ მორიგი მტკიცებულება, ამ უპასუხისმგებლო, სამარცხვინო რეზოლუციის მიღება პირდაპირი მტკიცებულებაა იმისა, რაც მე ვთქვი. ერთი მხრივ, გამოვიდნენ, შეიცხადეს, ამას როგორ გვაკადრებთო. გახსოვთ, როცა უვიზო რეჟიმზე ვმუშაობდით, პირდაპირ ეხვეწებოდნენ, მუხლის ჩოქებზე დაიოდნენ, რომ არ მიეცათ საქართველოსთვის უვიზო რეჟიმი, დაესაჯათ ჩვენი ხალხი, ქვეყანა. ახლა მოახერხე ის და არა მხოლოდ მათ, არავის აქვს ილუზია, რომ ამ საცოდავებს ამდენი შეუძლიათ, მაგრამ ფაქტია, რომ როლი შეასრულეს, ფაქტია, რომ ის სამარცხვინო ბრალდებები ამათი მიწოდებულია. თუ ამ ადამიანებს რეალურად გული შესტკივათ ჩვენი ქვეყნის მომავალზე, მაშინ რატომ არ მოუწოდეს თავის პარტიას, რომ ასეთი სამარცხვინო, ანტისახელმწიფოებრივი, ანტიქართული რეზოლუცია არ მიეღოთ ევროპარლამენტში. ჩვენ აქ კითხვები არ გვაქვს, ყველას კარგად ესმის ყველაფერი“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის განცხადებით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ვერ შეძლო ქვეყანა ომში ჩაეთრია და ახლა ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაზიანებას ცდილობენ.

„გახსოვთ, სანქციებზე მიერთებას ითხოვდნენ, მერე მოითხოვეს ჩარტერული რეისებით გაგვეშვა მოხალისეები, ეს სახელმწიფოს პირდაპირი ჩართულობა იყო ომში, მაშინ როცა მთელი მსოფლიო საჯაროდ მოუწოდებდა თავის მოქალაქეებს, რომ არ მიიღოთ საომარ მოქმედებებში მონაწილეობაო. შემდეგ გახსოვთ აქციების გამართვა და ახლა უკვე, სრულიად გაწბილებულები, როცა ქაოსის შექმნით ომში ქვეყნის ჩართვა ვერ შეძლეს, ახლა ასეთი მავნებლობით და ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით ცდილობენ, დააზიანონ მთავარი, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესები. ჩვენ მოლდოვას და უკრაინას რომ ვუსწრებთ ათი თავით, ყველა მიმართულებით, ყველამ კარგად იცის, იციან ევროპელებმა. იმ რეიტინგებს ჩვენ რომ გვიწერენ, ღია მმართველობას, მედია თავისუფლებას, გამჭვირვალობას, ვინ ადგენს ამ რეიტინგებს? საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც აფასებენ რეფორმების მიხედვით ქვეყანას. ამ მიღწევების მიხედვით ვუსწრებთ უკრაინასაც და მოლდოვასაც, მათ შორის ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მაშინ რა ხდება? რა განცდაზეა საუბარი, ამბობენ, რომ განცდაა, თითქოს ქვეყანაში არ არის დამოუკიდებელი სასამართლო, რაც სრული აბსურდია. თურმე მედია თავისუფლებას აქვს პრობლემა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ 2012 წლამდე, როცა ხელისუფლებაში „ნაციონალური მოძრაობა“ იყო, ქვეყანაში არანაირი დემოკრატია არ არსებობდა.

„მინდა, „ევროპის სახალხო პარტიას“ შევახსენო, 2012 წლამდე მათი შვილობილი პარტიის მმართველობის დროს, ქვეყანაში არავითარი დემოკრატიის ნიშანწყალი არ არსებობდა. არ არსებობდა თავისუფალი მედია, ოპოზიციური პარტიები წნეხის ქვეშ იყვნენ, რომ არ მოსულიყო ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში, დღეს ქვეყანა აღარ გვექნებოდა. იქნებოდა ომში ჩართული, აქ მოაწყობდნენ მეორე მარიუპოლს, რაც 2008 წელს გააკეთეს. გვახსოვს, მიწაზე გართხმული მთავარსარდალი, დავკარგეთ ტერიტორიები, ასზე მეტი ახალი სოფელი და ათიათასობით დევნილი მივიღეთ ქვეყანაში. ეს არის უპასუხისმგებლო პოლიტიკის გაგრძელება, რომელიც მათ დაიწყეს“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here