საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კავკასიის მოლაპარაკებების და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ მრჩეველს ფილიპ რიკერს შეხვდა.
ირაკლი ღარიბაშვილმა ფილიპ რიკერს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველო აშშ-ის საიმედო პარტნიორი და ერთგული მოკავშირეა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ.
ფილიპ რიკერმა პრემიერ-მინისტრს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
საუბარი ასევე შეეხო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის შუამავლობით და ფილიპ რიკერის ჩართულობით სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას, რის შედეგადაც აზერბაიჯანმა სომეხი ტყვეები გაათავისუფლა, სომხეთმა კი აზერბაიჯანს მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
