ირაკლი ღარიბაშვილი, ბერლინში ვიზიტის ფარგლებში, ოლაფ შოლცს შეხვდა

ბერლინში, ოფიციალური დახვედრის ცერემონიის შემდეგ, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილსა და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ოლაფ შოლცს შორის ჯერ პირისპირ, შემდეგ კი გაფართოებულ ფორმატში გაიმართა შეხვედრა.

საქართველო-გერმანიის მჭიდრო პარტნიორობა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველოსთვის მინიჭებული ევროპული პერსპექტივა და ორ ქვეყანას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები იყო ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ირაკლი ღარიბაშვილმა და ოლაფ შოლცმა ისაუბრეს.

შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობას და გამოხატეს მზადყოფნა, ძალისხმევა მიმართონ სტრატეგიული თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარებისკენ.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს რეგიონული და გლობალური გამოწვევები. საუბარი შეეხო რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ აღინიშნა საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევის მნიშვნელობა ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველსაყოფად.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე, 2008 წლის სამხედრო აგრესიასა და იმ უკანონო ქმედებებზე, რომლებსაც ადგილი აქვს რუსეთის ფედერაციის მხრიდან, რაც კიდევ უფრო მოწყვლადს ხდის ადგილზე უსაფრთხოების გარემოს.

ამ ფონზე აღინიშნა გერმანიის მხარდაჭერის განსაკუთრებული მნიშვნელობა, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ისე რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში. ხაზი გაესვა გერმანიის გამორჩეულ წვლილს ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში საქართველოში.

შეხვედრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებასა და მის მნიშვნელობაზე. ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანელ კოლეგას მადლობა გადაუხადა როგორც ამ ისტორიული გადაწყვეტილების, ისე ევროინტეგრაციის პროცესში გერმანიის მიერ საქართველოს პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერისთვის. რეგიონსა და მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და ასოცირებული ტრიოს ქვეყნების მხარდაჭერაზე დასავლელი პარტნიორების მხრიდან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა ევროპული პერსპექტივის და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის განსაკუთრებულ დატვირთვას და მნიშვნელობას საქართველოსთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანა ამ პროცესს დიდი პასუხისმგებლობით უდგება. ამ კონტექსტში ყურადღება გამახვილდა ევროპული საბჭოს რეკომენდაციების შესრულებაზე, უკვე გადადგმულ ნაბიჯებსა და სამოქმედო გეგმაზე. აღინიშნა, რომ მიმდინარეობს ინკლუზიური მუშაობა პარლამენტის, მთავრობის, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან როლს რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის მდგრადი და სტაბილური განვითარებისათვის. აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთს შორის შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს წარმატებულ მედიაციას და პრემიერ-მინისტრის სამხრეთ კავკასიის სამშვიდობო ინიციატივის განსაკუთრებულ მნიშვნელობას.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გამოიხატა მადლიერება ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში საქართველოს წვლილის გამო და ხაზი გაესვა ამ პროცესში განსაკუთრებით წარმატებულ თანამშრომლობას გერმანულ მხარესთან ალიანსის სამშვიდობო მისიებში.

საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას განხილულ იქნა სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები. აღინიშნა, რომ გერმანია საქართველოს ერთ-ერთი წამყვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია. მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა დამატებით მიმართონ ძალისხმევა სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების პოტენციალის სრულად გამოყენებისკენ. ამ კონტექსტში განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოს, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი სატრანზიტო ჰაბის, გაზრდილი როლი ევროკავშირისთვის და შუა დერეფნის, როგორც დიდი პოტენციალის მქონე მრავალმოდალური სატრანსპორტო დერეფნის, მნიშვნელობა.
ამ კონტექსტში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანიის სატრანსპორტო და ლოგისტიკურ კომპანიებთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა.

მხარეები მიესალმნენ 2023 წელს საქართველოს მასპინძელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობას უმსხვილეს ტურისტულ გამოფენაზე – ITB Berlin, რაც ხელს შეუწყობს არა მხოლოდ გერმანიაში, არამედ მთელ ევროპაში საქართველოს პოპულარიზაციას და ქვეყნის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.

მხარეები მიესალმნენ ქვეყნებს შორის არსებულ ხალხთაშორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს და იმედი გამოთქვეს, რომ ორი ქვეყნის მთავრობებს შორის კულტურის სფეროში ხელმოწერილი კომპლექსური მემორანდუმი ხელს შეუწყობს ქართველი და გერმანელი ხალხების, სახელოვნებო და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლების დაახლოებას.

ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცი მისთვის ხელსაყრელ დროს საპასუხო ვიზიტით საქართველოში მიიწვია.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here