საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ელჩების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტის შესახებაც ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ამ პროექტის ინიციატორი ქართული მხარეა.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი იქნება ისტორიული პროექტი, რომელიც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას გააძლიერებს.

„რამდენიმე კვირის წინ ვიყავი რუმინეთში, ბუქარესტში. შავი ზღვის ელექტროკაბელის პროექტი არის ჩვენი, ქართული ინიციატივა. ამ პროექტის თაობაზე საუბარი მქონდა შარშან ბრიუსელში, როდესაც იქ ვიზიტით ვიმყოფებოდი. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ჩვენს მეზობელ, მეგობარ სახელმწიფოსთან – აზერბაიჯანთან, ბუნებრივია, რუმინეთთან, რომელიც ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, მეგობარი სახელმწიფოა და ჩვენ უკვე ახალ ეტაპზე გადავედით.

ბუნებრივია, რუმინეთთან ერთად დავიწყეთ უფრო აქტიური მუშაობა ამ პროექტის განხორციელებაზე. მოგეხსენებათ, პროექტს შეუერთდა აზერბაიჯანი და სრული მხარდაჭერა გამოგვიცხადა ევროკავშირმა. ასევე, პროექტს შეუერთდა უნგრეთი. მიგვაჩნია, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ხელშესახები, სტრატეგიული მნიშვნელობის, ისტორიული პროექტი, რომელსაც ჩვენ, ყველა ერთად, განვახორციელებთ და მეტად გააძლიერებს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, ენერგოუსაფრთხოებას, დამოუკიდებლობას. ეს ყველაფერი აისახება ჩვენს ქვეყანაზე და ჩვენს ხალხზე“, – განაცხადა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here