ჩემო ძვირფასო თანამემამულენო, კიდევ ერთ წელს ვაცილებთ ერთად, რომელიც მარტივი არ ყოფილა და ბევრი ტკივილით, სირთულითა და რისკებით დაგვამახსოვრა თავი, მაგრამ ასევე გვქონდა ბევრი წარმატება და პროგრესი ყველა მიმართულებით. ჩვენ ერთად, ზომიერებითა და გონიერებით, რაც მთავარია, მშვიდად და სტაბილურად გავიარეთ ეს წელი და იმედით ვეგებებით ახალი 2023 წლის შემობრძანებას. წელს საქართველომ ისტორიული ნაბიჯი გადადგა, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განაცხადი შევიტანეთ და ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა აღიარა. საქართველო თავისი უნიკალური კულტურითა და ტრადიციებით ერთიანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი აუცილებლად გახდება! ტრადიციულად მადლიერება მინდა გამოვხატო ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მთელი წლის განმავლობაში თავდაუზოგავად, მუხლჩაუხრელად, უანგაროდ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გულწრფელი სიყვარულით ემსახურა ქვეყანასა და მის ინტერესებს, ჩვენი ხალხის კეთილდღეობას. ვულოცავ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის, თავისუფლებისათვის მებრძოლ ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, ჩვენს გმირ პოლიციელებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებს, ჩვენს ოფიცრებს, მეხანძრე-მაშველებს. გულწრფელი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს ექიმებს, სამედიცინო პერსონალს, ჩვენს პროფესორ-მასწავლებლებს, მეცნიერებს, კულტურის სფეროს წარმომადგენლებს, ჩვენს საამაყო სპორტსმენებს, საჯარო მოხელეებს – თქვენი ერთგულებითა და თქვენი შრომის შედეგით ამაყობს ჩვენი ქვეყანა. ვულოცავ ჩვენს ვეტერანებს, ჩვენს ძვირფას უფროს თაობას და ჩვენს მომავალ თაობას – ახალგაზრდებსა და ბავშვებს.

განსაკუთრებული სითბოთი ვულოცავ უცხოეთში მყოფ ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს დიასპორას, რომლებიც არ წყდებიან ქართულ ფესვებს. ასევე, ვულოცავ საქართველოში მცხოვრებ ჩვენს უკრაინელ დებსა და ძმებს, ბავშვებს. ომის მალე დასრულებას და თავიანთ სამშობლოში მშვიდობიან დაბრუნებას ვუსურვებ მათ. ვულოცავ ჩვენი დიდი ეთნიკური, კულტურული თუ რელიგიური მრავალფეროვნების თითოეულ წევრს, ვისაც ფასდაუდებელი წვლილი შეაქვს ჩვენი ქვეყნის წინსვლაში. გასული წელი ერთ-ერთი ყველაზე მძიმე წელი აღმოჩნდა გეოპოლიტიკური რისკების თვალსაზრისით. უკრაინაში მიმდინარე ომმა არა მხოლოდ უამრავი ადამიანის, ოჯახის ცხოვრება შეცვალა, არამედ სრულიად ახალი გეოპოლიტიკური რეალობა შექმნა ჩვენს რეგიონში, ევროპასა და მთლიანად მსოფლიოში. გამოწვევებისა და რისკების გაცნობიერებით, ჩვენი პოლიტიკა, ჩვენი გადაწყვეტილებები, ჩვენი მოქმედებაც და ჩვენი მთავარი სათქმელიც მხოლოდ ჩვენი ხალხისა და ქვეყნის ინტერესებს, მის სტაბილურობას, უსაფრთხოებასა და მის უკეთეს მომავალს ეფუძნება. ამ გონიერი და შედეგებზე ორიენტირებული პოლიტიკის კონკრეტული ნაყოფია მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკის უპრეცედენტო ზრდა, რომელიც ჩვენი ხალხის კეთილდღეობის კიდევ მეტ საშუალებას იძლევა. ჩვენი ეროვნული ინტერესები, სახელმწიფოსა და ხალხის უსაფრთხოება, მისი სტაბილური მომავალი ჩვენი მთავრობის ამოსავალი და მთავარი სტრატეგიის საყრდენია. ქართველი ხალხი გონიერებას მუდამ ზომიერებით ზომავდა, მცირერიცხოვანი, მრავალჭირნანახი ერის მთავრობას განსაკუთრებული ზომიერება და გონიერება მართებს დღევანდელ მრავალრისკიან გარემოში.

საქართველოს მოსახლეობა, მათ შორის ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ჩვენი თანამემამულენი, ჩვენი აფხაზი და ოსი ძმები სულ უფრო რწმუნდებიან, რომ საქართველო სტაბილურობით, სიმშვიდით, უსაფრთხოებით, განვითარების ტემპით მათთვისაც სასურველი სახლია, სადაც ისინიც დაცულად ყველა იმ სიკეთით და კეთილდღეობით ისარგებლებენ, რომლებიც ჩვენი ქვეყნისთვის ევროპული პერსპექტივით იქმნება და მომავალში კიდევ უფრო განვითარდება. მე მჯერა, ჩვენ ისევ ერთად ვიცხოვრებთ ერთიან, ძლიერ საქართველოში. კიდევ ერთხელ მთელი გულით ვულოცავ ახალ წელს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებსა და დებს. თავისუფლებისმოყვარე, ამაყ ქართველ ხალხს სირთულეებთან დანებება და შეგუება არ გვჩვევია. ჩვენი ახალი ხედვით, ამბიციური, მასშტაბური გეგმებითა და პროექტებით და მეტი შემართებით ვეგებებით 2023 წელს, უკეთესი, კიდევ უფრო წარმატებული, უფრო ბარაქიანი და მშვიდი წლის მოლოდინში. ჩვენი საერთო სამშობლოს წინსვლა, მისი სტაბილურობა, ჩვენი ხალხის ჯანმრთელობა და მათი სოციალური კეთილდღეობა, ჩვენი ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო და მომავალშიც ასე იქნება. ჩვენ ერთად დავძლევთ ყველა შიდა თუ გარე დაბრკოლებასა და გამოწვევას, ერთად გავუმკლავდებით ჩვენი ხალხისა და ქვეყნის წინაშე არსებულ ყველა სირთულეს და ერთად გავაგრძელებთ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას. ძვირფასო მეგობრებო, ჩვენს საზოგადოებას კარგად ესმის, რა სჭირდება მას და რა სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას წინსვლისა და კეთილდღეობისთვის. ჩვენ გვესმის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ვასრულებთ ჩვენი ხალხის ნებას, ჩვენ ვემსახურებით მხოლოდ საქართველოს ინტერესებს. მადლიერება ქართველთა ერთ-ერთი ძვირფასი ღირებულებაა, ხოლო იმედი და თავისუფლება ჩვენი იდენტობის ნაწილია, ამიტომ მადლიერებით გავაცილოთ 2022 წელი და იმედით, პოზიტიური განწყობითა და შემართებით შევეგებოთ 2023 წელს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გულწრფელად გისურვებთ, ყოველი თქვენგანისთვის, თქვენი ოჯახებისთვის, ჩვენი ქვეყნისათვის ყოფილიყოს ეროვნული ერთიანობის, სიმშვიდის, იმედების გამართლების, მეტი სიყვარულის, ურთიერთპატივისცემის, ბარაქიანი და წარმატებული წელი.

ღმერთი იყოს ჩვენი მფარველი!

საქართველოს პრემიერ-მინისტრი

ირაკლი ღარიბაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here