ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს. – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჟურნალისტებს განუცხადა.
„მე არ მომისმენია პირადად პრეზიდენტის განცხადება. მაგრამ თქვენი კითხვის შინაარსიდან შემიძლია ერთი რამ გიპასუხოთ, რომ ჩვენ ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების შესაბამისად. მე ვახსენე, რომ 400-ზე მეტ რეზოლუციას, განაცხადს შევუერთდით. ახლა საგარეო საქმეთა მინისტრი სხვა ევროპელ ლიდერებთან ერთად არის ნიუ-იორკში. მან მონაწილეობა გაეროს ასამბლეაში მიიღო, გამოვიდა სიტყვით, ჩვენი ქვეყნის სახელით წარადგინა პოზიცია, კიდევ ერთხელ, მკაფიოდ გამოხატა სოლიდარობა და მხარდაჭერა, პატივისცემა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ამაზე მეტი თუ ვინმეს რაიმეს გაკეთების სურვილი აქვს, გნებავთ მოგზაურობა კიევში, ყველა ადამიანი თავისუფალია და არავის ვზღუდავთ. მაგრამ, მეორე მხრივ, იმ განცხადებების ფონზე, რომელიც უკრაინის პოლიტიკური ხელმძღვანელობიდან ისმის, ამ ფონზე რა თქმა უნდა, ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყნის მთავრობა და ხელისუფლება იმოქმედებს ისე, როგორც ჩვენ ვმოქმედებთ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ხალხის ინტერესებს, ამავდროულად, უკრაინელი ხალხის ინტერესებს და მათ მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ. ყველა უკრაინელი, ვინც ჩვენს ქვეყანაში იმყოფება ცხოვრობს დაცულად, მათ მაქსიმალური კომფორტი შევუქმენით, გავუხსენით სკოლები უკრაინულ ენაზე და რაც შეგვიძლია ვაკეთებთ მაქსიმუმს. საბედნიეროდ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელმაც თავიდან აიცილა მეორე ფრონტიც, პროვოკაციები. ეს დესტრუქციული ოპოზიცია რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში დღეს, საქართველოც, უკრაინის მსგავსად, ტერიტორიის დიდი ნაწილი გადაქცეული იქნებოდა პოლიგონად, ასე რომ ყველანი ვიყოთ მშვიდად, წყნარად, ჩვენს საქმეს მივხედოთ და ჩვენს ქვეყანაზე ვიზრუნოთ“,- განაცხადა ღარიბაშვილმა.