საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკაში, ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში ჩავიდა, სადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველები სხვადასხვა ქვეყნის სამაშველო სამსახურებთან ერთად მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს აწარმოებენ.
მთავრობის მეთაური შინაგან საქმეთა მინისტრთან ვახტანგ გომელაურთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსთან გრიგოლ ლილუაშვილთან და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსთან თემურ მღებრიშვილთან ერთად ქართველ მაშველებს შეხვდა და მოისმინა ინფორმაცია სამაშველო ღონისძიებების მიმდინარეობის შესახებ. ირაკლი ღარიბაშვილმა მაშველებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.
მე ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენი გმირი მაშველები არიან აქ ადგილზე. ჩვენ იმავე დღეს გამოვგზავნეთ მაშველები, რომლებიც ადგილზე თავიანთი ტექნიკით ჩამოვიდნენ. სამი ადამიანის გადარჩენა შეძლეს, სამწუხაროდ, 80-ზე მეტი გარდაცვლილი აღმოაჩინეს. მე მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს გმირ მაშველებს, სამაშველო სამსახურს, მის ხელმძღვანელობას, ბატონ ვახტანგს, ყველას, ვინც ჩართული იყო სამაშველო ღონისძიებებში. მე ვარ ღრმად დარწმუნებული, რომ ისეთი გონიერი და ძლიერი ლიდერი, როგორიც არის ბატონი ერდოღანი, მისი ლიდერობით თურქი ხალხი ამ განსაცდელს დაძლევს და კიდევ უფრო ძლიერი გამოვა ამ პრობლემიდან“, – განაცხადა პრემიერმა.
ადგილზე აგრეთვე იმყოფებოდნენ თურქეთის რესპუბლიკის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი და თურქეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ჩაღათაი ქილიჩი.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ჰათაის პროვინციაში, ქალაქ ანთაქიაში, თურქულ მხარესთან კოორდინირებით, მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს ამ დრომდე ახორციელებენ. მაშველები საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში 6 თებერვალს გაემგზავრნენ. პირველ ეტაპზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამაშველო ჯგუფი სამუშაოებს ქალაქ ადიამანში აწარმოებდა, როტაციის შემდეგ კი, ახალი ამოცანა განისაზღვრა და ქართულმა სამაშველო ჯგუფმა ქალაქ ათაქიაში გადაინაცვლა.
ქართველი მაშველების ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით.
ქართული სამაშველო ჯგუფი თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით იმყოფება.








