მე მჯერა, ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი, გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის მიერ გაკეთებულ შემდეგ განცხადებას გამოეხმაურა: „უცნაურად ჩანს სისხლიანი რეჟიმის ამ ჟესტის მიღება, რომელიც იმას უკეთებს ახლა უკრაინას, რაც საქართველოს 15 წლის წინ გაუკეთა“.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ხელისუფლებას ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან ამ თემაზე კიდევ ერთხელ ექნება საუბარი.

„მე არ მომისმენია ქალბატონი დეგნანის განცხადება, მაგრამ მინდა გიპასუხოთ, ჩვენ გვაქვს პრეტენზია და ამოცანა, რომ გავძლიერდეთ, როგორც ეროვნული, სუვერენული, დამოუკიდებელი სახელმწიფო და არა შეზღუდული სუვერენიტეტით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე მჯერა, ქალბატონი დეგნანი, ჩვენი ევროპელი მეგობრები, ჩვენი ამერიკელი მეგობრები, ყველანი, აი, ამ ჩვენს განსაკუთრებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ კარგად გაითვალისწინებენ, ჩვენ გვექნება მათთან საუბარი კიდევ ერთხელ და გაგებით მოეკიდებიან ამ ფაქტს, რომ ჩვენ ვაჭრობას და ეკონომიკას არ ვაჩერებთ ისევ ჩვენი ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერ-მინისტრის მტკიცებით, აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან და არც ამერიკას არ შეუჩერებია რუსეთთან ვაჭრობა.

„რაც ხდება დღეს უკრაინაში, თქვენ ახსენეთ სისხლის ღვრა, ჩვენთან ეს უკვე მოხდა 2008 წელს და როგორ არის? – ქართველი კაცის სისხლი არ არის სისხლი და უკრაინელის სისხლი სისხლია? ჩვენ ქართველებმა ბევრი სისხლი გავიღეთ, სამი ომი გადავიტანეთ, სამოქალაქო ომი, ნატოს მისიებში ვიყავით, ავღანეთში, ერაყში. ჩვენმა ბიჭებმა, გმირებმა, სისხლი გაიღეს და შეწირეს აი, ამ მისწრაფებას, მიზანს იდეას და ასეულობით ჩვენი ჯარისკაცია დღეს მძიმედ დაჭრილი, ეს არ არის სისხლი?

აგვისტოს ომის შემდეგ 2.5 ტრილიონი დოლარის საქონელი იყიდა ევროკავშირმა რუსეთისგან. ამერიკას ვაჭრობა არ შეუჩერებია დღესაც, თქვენ შეგიძლიათ მონაცემები გამოითხოვოთ. შეამცირეს, მაგრამ დღესაც ვაჭრობენ რუსეთთან იმ პროდუქციებით, რაც მათ ეროვნულ ინტერესებს და მათ კომპანიებს სჭირდებათ და ჩვენ რა არ ვართ სუვერენული სახელმწიფო? თუ ჩვენ ხალხი არ ვართ? თუ არ გვინდა არსებობა, განვითარება, მშვიდობა და კეთილდღეობა?

გვეუბნებიან, რომ ეს გაერთიანება, ევროკავშირი და ნატო თუ შევა ფიზიკურ, სამხედრო კონფრონტაციაში რუსეთთან, მივიღებთ მესამე მსოფლიო ომს, ეს კარგად ვიცით და ბირთვული ომის საშიშროება კი არა, პირდაპირი რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით. ამის საშიშროება დღეს უკვე დგას. გვეუბნებიან, რომ ამიტომ ჩვენ უნდა ავირიდოთ ომი, გვეუბნებიან ჩვენი ნატო-ელი და ევროპელი მეგობრები. ჩვენთვის ქართველებისთვის, პატარა ქვეყნისთვის აქ რაიმე პროვოკაცია, ომი , დესტაბილიზაცია ნიშნავს მესამე მსოფლიო ომს, ჩემთვის პირადად. იმიტომ, რომ არავინ არ ჩაერთვება ჩვენს ომში, არავინ არავინ აბსოლუტურად, ისევ უნდა დაიხოცოს ჩვენი გმირი ჯარისკაცები და ჩვენი მოქალაქეები დაზიანდნენ, ქვეყანა უნდა გადაიქცეს პოლიგონად. ამას ჩვენ არ დავუშვებთ მიუხედავად ძალიან ბევრი ბინძური პროვოკაციისა და მცდელობისა დესტაბილიზაციის მოწყობის“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here