დავიწყეთ დევნილებისთვის ბინების მშენებლობის ძალიან მასშტაბური პროექტი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დევნილებისთვის ბინების მშენებლობაზე სიმბოლური კაფსულის ჩადების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„სახელმწიფომ გამოყო 7 ჰექტარი მიწა და 245 მლნ ლარამდე იხარჯება. 11 კორპუსი აშენდება, პროექტი 2400 ბინას ითვალისწინებს, 2400 ოჯახს გადაეცემა ბინები. სამუშაოები დასრულდება დაახლოებით 2 წელიწადში. ამ მასშტაბური პროექტის გარდა, რომელიც თბილისში მიმდინარეობს, ჩვენ დავიწყებთ ასევე ზუგდიდში მასშტაბურ პროექტს, იქაც მასშტაბური სამუშაოებია განსაზღვრული. ანალოგიურად დავიწყებთ, ქუთაისში, პროექტი 700 ოჯახზე იქნება გათვლილი, რუსთავში – 800 ოჯახზე, ბორჯომში კი 150 ოჯახზე იქნება გათვლილი. ჯამურად 7000-მდე ოჯახი მიიღებს ახალაშენებულ კორპუსებში სრულად გარემონტებულ ბინებს. ჯამურად დაიხარჯება თითქმის 700 მლნ ლარამდე.

იცით, რომ დევნილებისთვის ძალიან ბევრი ანალოგიური პროექტი განვახორციელეთ, რაც ხელისუფლებაში მოვედით. 2012 წლიდან 2022 წლის ჩათვლით თითქმის 30 000 დევნილ ოჯახს გადაეცა ბინა. ეს არის დაახლოებით 100 000 ადამიანი, რაც დამეთანხმებით უპრეცედენტოა. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობიანი დამოკიდებულება, რომ ვიზრუნოთ ჩვენს დევნილებზე და ღირსეული პირობები შევუქმნათ. წელს უკვე 100 ოჯახს გადაეცა საცხოვრებელი ფართები. ასე რომ ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მაგარი ტემპებით მივდივართ. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი მთავარი ოცნება, მიზანი უნდა იყოს დაბრუნება აფხაზეთსა და ცხინვალში. ეს ყველაფერი დევნილებს, რა თქმა უნდა, საკუთრებაში დარჩებათ, მაგრამ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი დაბრუნება აფხაზეთში და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება“, – აღნიშნა პრემიერმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here