მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. როგორ არის, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომია? – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-რუსეთის ურთიერთობის კონტექსტში განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ თავისი პრაგმატული პოლიტიკით მოახერხა ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და აღნიშნა, რომ საქართველოს განვითარებისთვის ახლა სწორედ ომებისგან დასვენება სჭირდება.
„მე მაინტერესებს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ინტერესები. როგორ არის, რომ ჩვენი ომი ომი არ არის და უკრაინის ომი ომია? თქვენ გული არ შეგტკივათ, ან ჩვენს სამხედროებზე, ან ჩვენს მოქალაქეებზე, ან ჩვენს დევნილებზე? როგორ გინდათ მოვაგვაროთ, არც ნატო-ს წევრი ქვეყანა ვართ არც ევროკავშირის, ჯერჯერობით, როგორ ფიქრობთ, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები დავიცვათ და ქვეყანა გავაერთიანოთ? ამაზე უნდა იფიქროთ, ამაზე უნდა ესაუბროთ ჩვენს ხალხს. ყველაფერი იქნება ძალიან კარგად, ჩვენ შევინარჩუნეთ მშვიდობა, ეს არის მართლაც უპრეცედენტო. ამდენი ომებით ქვეყანა არის დაღლილი, ჩვენ გვჭირდება ამოსუნთქვა, განვითარება, მშვიდობა გვჭირდება. ევროპა საიდან გაბრწყინდა? – ომები არ ჰქონდა. ჩვენ მოვახერხეთ, ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენი სწორი პრაგმატული პოლიტიკის გატარებით, მშვიდობის შენარჩუნება და განმტკიცება, როგორ მოვახერხეთ- ისწავლეთ გაკვეთილები“,- განაცხადა პრემიერმა.