თელავში ახალი აეროპორტის მშენებლობა მიმდინარე წელს დაიწყება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, საკითხს მთავრობა დღეს განიხილავს, მოიწონებს და დაამტკიცებს.
„მოგეხსენებათ, თელავში იყო ისტორიული აეროდრომი და გვინდა, ამ ადგილას მოვაწყოთ, ავაშენოთ ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა, შეიქმნას თელავის ახალი აეროპორტი. ჩვენ პროექტირება-მშენებლობას წელსვე დავიწყებთ. გვინდა, აეროპორტმა პირველი მგზავრი უკვე მიიღოს 2024 წლის დაახლოებით მაის-ივნისში. ძალიან მალე დასრულდება“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, პროექტი დაახლოებით 25-30 მილიონი ლარი დაჯდება.
„მთავარი იდეა რაში მდგომარეობს: ჩვენ სრულიად განვაახლებთ, 1700 მეტრამდე დაგრძელდება ასაფრენ-დასაფრენი ზოლი, მოეწყობა თანამდროვე სანავიგაციო სისტემები, მთელი ინფრასტრუქტურა განახლდება და შეიქმნება ახალი საპარკინგე ადგილები, მგზავრებისთვის კომფორტული სივრცეები“, – აღნიშნა იარაკლი ღარიბაშვილმა.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, თელავს თანამედროვე აეროპორტი ექნება.
„ეს ნიშნავს, რომ არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეებს, არამედ ტურისტებს შეეძლებათ, დღის განმავლობაში კომფორტულად იფრინონ, გადაადგილდენენ თელავიდან ბათუმის, მესტიის, ამბროლაურის, ქუთაისის მიმართულებით. აუცვილებელია შიდა რეისების, შიდა ავიაციის განვითარება. ამ მიზნით მთავრობა, რამდენიმე წელია, ვეხმარებით ადგილობრივ კომპანიებს და კიდევ უფრო გავაფართოებთ ამ მიმართულებას“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისი თქმით, ჯამში, ქვეყანაში იქნება ექვსი თანამედროვე აეროპორტი.
„თელავში აეროპორტი დამატებით მიზიდულობას შექმნის ტურისტებისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. კიდევ უფრო კომფორტული გახდება და კიდევ უფრო სწრაფად მოხდება გადაადგილება“, – დასძინა იარკლი ღარიბაშვილმა.